გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების კოლონაზე განხორციელებული თავდასხმით "შეძრწუნებულია".
"ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს, სასწრაფო დახმარების კოლონაზე თავდასხმით შეძრწუნებული ვარ. საავადმყოფოს გარეთ ქუჩებში მოფენილი ცხედრების ფოტოები შემზარავია", - განაცხადა მან.
გუტერეშმა აქვე აღნიშნა, რომ არ დავიწყებია ჰამასის ტერორისტული თავდასხმა, მოქალაქეების გატაცება და მასობრივი მკვლელობა, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ჰამასის ტერორისტებს, რომ ასობით გატაცებული მძევალი გაათავისუფლონ.
გუშინ ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში სასწრაფო დახმარების მანქანაზე საჰაერო იერიში განახორციელა. თავდაცვის ძალების განცხადებით, მანქანას "ჰამასის ტერორისტული უჯრედები" იყენებდნენ, დარტყმის შედეგად კი ორგანიზაციის რამდენიმე შეიარაღებული წევრი მოკლეს.
ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს აფეთქება საავადმყოფო ალ-შიფასთან მოხდა. კადრებში, რომელიც არაერთმა საერთაშორისო მედიამ დაადასტურა, ჩანს სასწრაფო დახმარების დაზიანებული მანქანა და რამდენიმე დაჭრილი, რომლებიც საავადმყოფოსთან წვანან.
ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა პარასკევს თქვა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა საავადმყოფოდან სამედიცინო კოლონაში იმყოფებოდა, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელისკენ მიემგზავრებოდა და გადაადგილების შესახებ წითელ ჯვარს აცნობეს.